საზოგადოებრივი მოღვაწეობა და ქველმოქმედება

იაკობ გოგებაშვილი მონაწილეობდა ი. მამაცაშვილის ლიტერატურულ სალონში, რომელმაც ხელი შეუწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებას, იყო ამ საზოგადოების გამგეობის აქტიური წევრი (1879 წლიდან). იაკობ გოგებაშვილი თავისი წიგნების შემოსავლიდან დიდ დახმარებას უწევდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“, ერთხელ მთელი მიღებული თანხა – ცამეტი ათასი მანეთი – მთლიანად გადასცა საზოგადოებას და თავისთვის არაფერი დაიტოვა. მის თანამედროვეთა თქმით, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ მისი მეორე ოჯახი იყო. საკუთარი ოჯახი კი იაკობს არ ჰყავდა. მან თავი მთლიანად თავის ქვეყანას მიუძღვნა.
არ ყოფილა არც ერთი ეროვნული საქმე, რომ იაკობს სიტყვით თუ ფულით აქტიური მონაწილეობა არ მიეღო. ეს იყო ზეპირსიტვიერების შეგროვება, საბავშვო ჟურნალების გამოცემა, ხალხური სიმღერების ნოტებზე გადატანა, სასოფლო-სამეურნეო სკოლის, ბიბლიოთეკების დაარსება.
გოგებაშვილმა კარგად იცოდა, რომ მხოლოდ წიგნით ვერ შეძლებდა ერის განათლებას. იგი იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. იაკობი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის; იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ბევრ მათგანს თვითონ უხდიდა სწავლის ფულს. სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. ბევრმა მისი შუამდგომლობით სტიპენდია მიიღო, მათ შორის იყვნენ შემდგომში გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორები ზაქარია ფალიაშვილი და დიმიტრი არაყიშვილი. ამ დროს კი თვითონ საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა, ყოფილა დრო, როცა ბინის ქირის გადასახადიც ვერ გადაუხდია და მეგობრებს შეუფარებიათ.
განსაკუთრებით დიდი ღვაწლი დასდო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობას.
გოგებაშვილს კალამიც კარგად უჭრიდა. ვისაც ქართული ენის, ქართული მწიგნობრობის ღალატს შეატყობდა, მეხივით დაატყდებოდა თავზე. საოცარი გაშმაგებით ებრძოდა იანოვსკის, ქართველთა დაუძინებელ მტერს, აშორდიებსა და მისთანებს, რუსების ჩაგონებით სამეგრელოდან ქართული ენის გამოდევნა რომ მოინდომეს. თვითონ ხომ პასუხს გასცემდა, ილიასაც მიეჭრებოდა ხოლმე: “გაგვიძეხ, ბერო მინდიავ, კარს საფრთხე მოგვდგომიაო!” რუსული ბიუროკრატიისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ შეუპოვარ მებრძოლებს ილიას, აკაკისა თუ გოგებაშვილს სიტყვა არ დასცდენიათ რუსული კულტურისა და ენის სწავლების საწინააღმდეგოდ. პირიქით, იაკობმა 1887 წელს შეადგინა “რუსკოე სლოვო”, რომელიც დიდხანს ემსახურებოდა ქართველ ახალგაზრდებს.
გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მის მოთხრობებში დიდაქტიკური ელემენტი ორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს. გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ქართული ხალხური ანდაზების საფუძველზეა შექმნილი მოთხრობები „ქურდი და მამალი“, „მერცხალი და მეცხვარე“, „ცხვარი და მარტი“ და სხვა. მოთხრობები „დევნილი მეგობარი“, „ბეღურა“, „ლომი“, „მერცხალი“, „აქლემი“, „ორაგულის ცხოვრება“, „ნამი“, „ცისარტყელა“ და სხვა. ბავშვებს აცნობს ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს; ისტორიულ თემაზე დაწერილი მოთხრობები „ასპინძის ომი“, „იოთამ ზედგენიძე“, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, „ცოტნე დადიანი“, „თავდადებული მღვდელი თევდორე“, „სხივი წარსულისა“, „სამასი თავდადებული გლეხი“ და სხვა.
მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს, ცნობილი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქნა“ (1890) ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს. 1910 წელს გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და პუბლიცისტურ თხზულებათა ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს „ნობათს“, „ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“.
სიკვდილის წინ, 1912 წელს ანდერძი დაწერა და მთელი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუტოვა. შავი დღისთვის გადანახული ფული გაანაწილა და ათ-ათი თუმანი გადასცა ქართველთა, სომეხთა და მაჰმადიანთა საზოგადოებებს, ვარიანის სახლი თანასოფლელებს უანდერძა, სადაც სკოლა გაიხსნა.
ახალგაზრდობაში დაავადებული ხშირად ავადმყოფობდა, ამიტომ მუდამ თბილად იყო ჩაცმული, მძიმე ჰაერს ერიდებოდა, სატამბაში არ შედიოდა, ასოთამწყობებს გარეთ გამოჰქონდათ ნიმუშები და იქ არჩევდნენ. ყოველი წიგნის კორექტურას ოთხჯერ კითხულობდა, ამონაბეჭდებს ასოთამწყობებს ურიგებდა და თითო ნაპოვნ შეცდომაზე პრემიად ორ შაურს აძლევდა. მანამდე არ ისვენებდა, ვიდრე ყველაფერს საგულდაგულოდ არ გაჩხრეკდა. ჭლექის შიშით ცოლიც არ უთხოვია, რომ შთამომავლობისთვის არ გადაედო ეს მძიმე სენი. თუმცა ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა, თავაუღებლად მუშაობდა. გოლოვინის პროსპექტზე სეირნობა უყვარდა, ახლგაზრდებთან ლაპარაკი. ძირითადი თემა იყო რუსეთის ამა თუ იმ მოქმედების აღმაშფოთებელი ფაქტი, ჩაგვრა ქართული ენისა, მისი განდევნა სკოლებიდან, ეკლესიიდან, ოჯახებიდან.